პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ის პიროვნულად ძალიან წუხს, რომ გიგი უგულავა კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა. ამის შესახებ თალაკვაძემ „იმედის ქრონიკაში“ისაუბრა.
„მე პიროვნულად ძალიან ვწუხვარ, რომ გიგი უგულავა კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდა და გავიხსენებდი, როდესაც მე ვიყავი სასჯელაღსრულების სამინისტროში მინისტრის მოადგილე ის სწორედ მაშინ იმყოფებოდა პატიმრობაში და ჩვენ მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვაქცევდით მას. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ხშირად შეურაცხმყოფელ და დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებდა, დღესაც ჩემი და ჩვენი დამოკიდებულება არის იგივე, რომ მისი უფლებები იქნება დაცული და რა თქმა უნდა ადამიანურად ჩვენ ვწუხვართ, რომ ის პატიმრობაშია.
მეორეს მხრივ მან გააკეთა განცხადებები, რომ პროკურატურა სთავაზობდა გარკვეულ შეთანხმებას, ანუ როგორც ჩანს მას ჰქონდა შეთავაზებული წინადადება, რომლითაც მას შეეძლო, რომ პატიმრობისგან თავი აერიდებინა. მაგრამ აქ სხვა კითხვებიც ჩნდება, ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ოპოზიციის ამ ნაწილის დესტრუქციული დღის წესრიგი იყო განმსაზღვრელი, როდესაც მისმა თანგუნდელებმა მას უარი ათქმევინეს ასეთ შეთავაზებაზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.