პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ. ამის შესახებ პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მისი თქმით ეს ერთჯერადი საკანონმდებლო აქტი იქნება.
“რეფორმა პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს ტაქსის მძღოლები პირველი ოქტომბერთან დაკავშირებით. მათ ეგონათ, რომ 1-ელ ოქტომბერს არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ. საშეღავათო პერიოდი პირველ ოქტომბრამდე იყო. ამის გამო, ეს ადამიანები ქალაქში გამოვიდნენ და პატრულმა 200-ლარიანი ჯარიმებით დააჯარიმათ”, -განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსების რეგულაცია ძალაში შევიდა.
ახალი რეგულაციის მიხედვით,სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები მგზავრებს ვეღარ მოემსახურებიან. გარდა ამისა, ტაქსით მომსახურების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე განხორციელება 200 ლარით ჯარიმდება.