პირველი დაპირისპირება პრეზიდენტის გუნდის წევრსა და მმართველი გუნდის წარმომადგენელს შორის

{{ARTICLEIMAGE}}

“ქართული ოცნების” დეპუტატის და გენდერული საბჭოს წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებას, რომ ის დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნად არ დანიშნავდა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის კრიტიკული პასუხი მოჰყვა.

დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადება პარლამენტარის კომპეტენციას სცდება.

“დიმიტრი ცქიტიშვილი ვინ არის, უკაცრავად? საბედნიეროდ, დიმიტრი ცქიტიშვილს გადასაწყვეტი არ არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დანიშვნა, ეს მის კომპეტენციას სცდება და მე ვთხოვ მას, რომ თავის კომპეტენციის ფარგლებში გააკეთოს თავისი განცხადებები”,ამბობს დიმიტრი გაბუნია.

დიმიტრი ცქიტიშვილმა 19 დეკემბერს განაცხადა, რომ პირადად მისი არჩევანის შემთხვევაში, ის დიმიტრი გაბუნიას საპარლამენტო მდივნად არ დანიშნავდა.

“მე არ დავნიშნავდი. მისი განცხადება საკმაოდ ორაზროვანი იყო, მაგრამ არ ჩავუღრმავდები იმ თემას, დასანიშნი იყო თუ არა, ვინაიდან ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივა. თვითონ გადაწყვეტს, ვინ იქნება ეფექტური და კვალიფიციური პარალმენტთან ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ჩვენ, არჩევანს არ ვაკეთებთ. ვფიქრობ, ჩვენგან გამოხატული დამოკიდებულება არ იქნება სწორი”,-თქვა ცქიტიშვილმა.

როგორც ცნობილია, დიმიტრი გაბუნიას დანიშვნას “ქალთა მოძრაობაც” ეწინააღმდეგებოდა.