საქართველოს პირველი პრეზდენტის დაბადების დღეს სპეციალური მიმართვა მიუძღვნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ გვერდზე მიმართვის ვიდეოც გავრცელდა.
“დღევანდელი დღე ჩვენი ისტორიისთვის ღირსშესანიშნავია: დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეა. განსაკუთრებულად მინდა, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ეს დღე მივულოცო მის ოჯახს და მთელ საზოგადოებას.
ამ დღეს – 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმის იდეაც, ინიციატივაც და ორგანიზებაც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მისმა ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას.
მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონე ერისთვის ეს დღე ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ თარიღს წარმოადგენს, – საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა რეფერენდუმმა აღადგინა 1921 წელს რუსეთის ჯარების მიერ ჩვენი ქვეყნისთვის წართმეული დამოუკიდებლობა.
ამისათვის პირველი პრეზიდენტი იმსახურებს თავისი ქვეყნის, საზოგადოების პატივისცემასა და მადლიერებას.
დღეს, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა ჩვენი მთავარი იარაღი. ამ რეფერენდუმის უდიდესი ძალა ხომ სწორედ ის არის, რომ იგი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, – იგი ჩატარდა სამაჩაბლოში, ჩატარდა აფხაზეთში. ამ რეფერენდუმის უკან მთელი საქართველო იდგა. ამ რეფერენდუმზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა.
ეს არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა.
ამავე დროს, რეფერენდუმიდან დღემდე განვლილმა გზამ გვაჩვენა, თუ რამდენად აუცილებელია საზოგადოებრივი თანხმობა ჩვენი მომავლისა და წინსვლისთვის.
ჩვენს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის, პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობასა და პლურალიზმთან ერთად, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება შერიგებასა და ერის ერთსულოვნებას.
მჯერა, რომ შერიგება, ერთმანეთის პატივისცემა, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც დავიცავთ 1991 წლის რეფერენდუმის მონაპოვარს.“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.