“რუსმა ოკუპანტებმა გააგრძელეს მცოცავი ოკუპაცია”- ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას გუგუტიანთკარის მიმართულებით პოლიცია აღარ უშვებს და 99%-ით დადასტურდა, რომ რუსული მცოცავი ოკუპაცია განახლდა.
დავით ქაცარავამ რამდენიმე წუთის წინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, რომ გუგუტიანთკარისკენ მიემართებოდა, იმისთვის რომ მიიღოს ინფორმაცია, რა ვითარებაა ადგილზე. ქაცარავა მთავრობისგან რეაგირებას მოითხოვს, ხოლო საზოგადოებას მოუწოდებს ყურადღებით იყოს დ აინფორმაციის ბოლომდე დადასტურების შემთხვევაში საჭირო იქნება ხალხის შეკრება.
“როგორც რამდენიმე წუთის წინ ჩემს პირდაპირ ჩართვაში შეგატყობინეთ, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა გააგრძელეს სოფლის მცოცავი ოკუპაცია.
ჩვენ უკვე ვიმყოფებით სოფლის მისადგომებთან, კერძოდ კი მერეთის პოლიციის შენობასთან.
პოლიცია აღარ გვიშვებს გუგუტიანთკარის მიმართულებით.
ეს 99% დადასტურებაა იმისა, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია.
მთავრობის წევრებო!
იმედი მაქვს, ვიხილავთ თქვენს გუგუტიანთკარში შემავალ მანქანებს!
გუგუტიანთკარელებო!
პოლიცია არ გვიშვებს თქვენს გვერდით დასადგომად!”- წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.