ტრანსგენდერი ქალი გაბრიელას თქმით, პოლიცია გამოძახებისას დახმარების ნაცვლად, ცდილობს რომ ტრანსგენდერების პროვოცირება მოახდინოს და შემდეგ დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავოს.
“პოლიცია ყველანაირად ცდილობს მიგვიყვანოს იმ დონემდე, რომ ცოტა ხმამაღალ ტონზე ვისაუბროთ და თუნდაც შეურაცხყოფა მივაყენოთ. იმის მაგივრად, რომ დაგეხმაროს, პირიქით, აქეთ ცდილობენ პროვოცირება გაგიკეთონ და მერე დაგაკავონ დაუმორჩილებლობაზე. დიდი უსამართლობა ხდება უკვე და ვეღარ ვიცავთ ჩვენს თავს. ვერც დავიცავთ, ჩვენ ძალას არ ვიყენებთ პიროვნებების მიმართ”,- ამბობს გაბრიელა.
იგი 18 იანვარს მომხდარ ინცინდენტს იხსენებს, როცა პოლიციამ ნატა ფერაძე და რამდენიმე ტრანსგენდერი დააკავა.
,,ნატა ფერაძემ ჩემს მეგობრებს შეშა მიუტანა გასათბობად, რა დროსაც 16-17 წლის ბავშვებმა გამოიარეს და დაუწყეს ტრანსგენდერებს შეშის სროლა. გამოიძახეს ჩემმა მეგობრებმა საპატრულო ეკიპაჟი და იმის მაგივრად , რომ მათ რამე მოქმედება გაეკეთებინათ და დახმარებოდნენ, პირიქით, განარიდეს არასრულწლოვანი ბავშვები და პროვოცირებდნენ, რომ გაეღიზიანებინათ ტრანსგენდერები. გააღიზიანეს კიდეც და ჩემი მეგობარი ხმამაღალი ტონის გამო დააკავეს”- ყვება ტრანსგენდერი გაბრიელა.
ცნობისთვის, 18 იანვარს პოლიციამ ნატა ფერაძე და რამდენიმე ტრანსგენდერი ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა.