შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1989 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ.-მ თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 2 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა. სამართალდამცველებმა ყალბი ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
პოლიციამ, ე.მ.-ის და მისი მეგობრის – ა.ა.-ის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 12 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღო.
გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.