პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, რომელმაც თბილისში უკრაინელ ტურისტ ქალს სცემა

პოლიციამ  დააკავა ტაქსის მძღოლი, რომელმაც თბილისში, ვაკეში უკრაინის მოქალაქე ტურისტ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თვითმხილველების ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ტაქსით მგზავრობის საფასური გახდა. მძღოლმა ქალი მანქანიდან გადმოაგდო და წააქცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გ.თ. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები.

გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.