პოლიციამ ტურისტის ცემისთვის ტაქსის მძღოლი დააკავა

პოლიციამ თბილისში, ვაკის რაიონში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 1967 წელს დაბადებული გ.თ. დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა, აბაშიძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები.

გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაკეში ტაქსის მძღოლმა ტურისტ ქალს სცემა