შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, კრიმინალური ავტორიტეტი და ქურდული სამყაროს აქტიური წევრი, წარსულში ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ჩ. ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩ.ქ. ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, “ქურდული გარჩევის” გზით, ე.წ. “კანონიერი ქურდების” სასარგებლოდ, ბიზნესსაქმიანობიდან გარკვეული წილის დათმობას აიძულებდა.
პოლიციამ, დაკავებული ჩ.ქ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, “ტტ”-ს მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.
გამოძიება “ქურდული სამყაროს” წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.