პოლიციაში მოსახლეობასა და „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებს კითხავენ

დიღმის პოლიციაში „ყაზტრანსგაზის“ რამდენიმე თანამშრომლის   და იმ კორპუსის მცხოვრებთა ნაწილის გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც დღეს გაზის გაჟონვის შედეგად   აფეთქება მოხდა.

აფეთქება დიღმის მასივში მდებარე  კორპუსში დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მათ აფეთქებამდე ერთ საათით ადრე კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი იგრძნეს და ყაზტრანსგაზის ცხელ ხაზზე დარეკეს. კორპუსის მცხოვრებლების თქმით,  ადგილზე არავინ მისულა. ყაზტრანსგაზში კი აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში მივიდნენ, თუმცა აფეთქება უკვე მომხდარი იყო. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება კუსტარულად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია.

აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი 7 თვის ბავშვია. სხეულის დამწვრობა მიიღო  მამაკაცმა, რომელიც იმ ბინაში იმყოფებოდა სადაც აფეთქება მოხდა.

გამოიკვეთება თუ არა “ყაზტრანსგაზ თბილისის” თანამშრომლების პასუხისმგებლობა, ამ ეტაპზე უცნობია.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.