პოლიციელების ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს სახლში გადაასვენებენ

პოლიციელების ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის, ზვიად მთავრიშვილის ცხედარს სოფელ კაჭრეთში საკუთარ სახლში მიასვენებენ. მთავრიშვილის ოჯახი 55 წლის მამაკაცის ცემაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს. ამის შესახებ ოჯახის წევრმა  გუშინ, რუსთავი 2-თან ისაუბრა და მთავრიშვილის გარდაცვალების მიზეზად პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობა დაასახელა.
გავრცელებული ცნობით, მთავრიშვილს  ხუთმა სამართალდამცველმა სასტიკად სცემა, რის შემდეგაც 55 წლის მამაკაცი თავს შეუძლოდ გრძნობდა.

შუა ხნის მამაკაცი გუშინ ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. ის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს, მდგომარეობის დასტაბილურების მიუხედავად,  ბუნებრივი სიკვდილი დაფიქსირდა.

„სახლიდან წაიყვანეს. 22-ში ღამით, გზაში სცემეს. 22-ის მერე თავის ტკივილები ჰქონდა სულ, 30 მარტს კომაში ჩამივარდა… როგორც ხედავთ, გარდაიცვალა. არ ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს. თვითონ მომიყვა ყველაფერი, რა თქმა უნდა. გზაში, მანქანაში სცემეს, ან გადმოაგდეს, არ ვიცი. ტელეფონში რომ დამირეკეს, გინება მოისმინეს და თავიანთ შეურაცხყოფად მიიღეს. ეგ არ აპატიეს, პოლიციას რატომ შეაგინეო და გაუსწორდნენ,“ – განაცხადა გარდაცვლილის დამ.