პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს, ლევან ჩხეიძეს კითხავენ.ლევან ჩხეიძე მოწმის სტატუსით საგამოძიებო უწყებაში თავის დაცვის ქვეშ მყოფის მაგივრად დაიბარეს, რადგან დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა რამდენიმე დღის წინ ქვეყანა დატოვა.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი მის ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ლევან ჩხაიძის თქმით, ის ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, ხოლო მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელისგან აქვს მიღებული, დაცულია და გამჟღავნების უფლება არა აქვს.
„პირველი აპრილი ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდა ვიღაც. მაგრამ 5 აპრილი, მგონი, ხუმრობის დღე არ არის. ადვოკატის დაბარება საქმეზე მოწმედ, ჩემთვის წარმოუდგენელი რამ არის. ეტყობა, გამოძიებას ისე უჭირს, რომ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და ჩემგან უნდათ, რაიმე მტკიცებულებები ამოიღონ. მოგახსენებთ, რომ პირადად მე იმაზე, რასაც ქალბატონი ანა საუბრობდა, არაფრის შემსწრე, მომსწრე და მნახველი არ ვარ. ყველა ინფორმაცია, რაც ვიცი, ვიცი ჩემი მარწმუნებლისგან, ჩემი კლიენტისგან, ბატონი დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილისგან და ისიც, გადმომეცა ინფორმაცია, როგორც ადვოკატს და შესაბამისად, ეს ინფორმაცია დაცულია პრივილეგიით,“ – განაცხადა ლევან ჩხეიძემ.
ლევან ჩხეიძის ადვოკატი, კახა წერეთელი, ამბობს, რომ გამომძიებლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით.
„ეს უნდა იყოს საგამონაკლისო შემთხვევა, ვინაიდან, ადვოკატი საქმეში არ არის ჩვეულებრივი რიგითი მოწმე, მას ინფორმაცია გააჩნია თავის დაცვის ქვეშ მყოფისგან. აქ არის ნდობის მაღალი სტანდარტი და კანონი იცავს ამ შემთხვევაში ადვოკატის მიერ მიღებულ ინფორმაციას გამჟღავნებისგან. ჩვენთვისაც საინტერესოა, თუ რატომ მოხდა ჩემი კოლეგის ლევან ჩხეიძის დაბარება. ჩვენ, ბუნებრივია, შევალთ, შევხვდებით გამომძიებელს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენება მისცეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თუ არა,“ – განაცხადა კახა წერეთელმა.