ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ამ დროისთვის youtube–დან უკვე აღებულია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიდეო ამ პლატფორმაზე იყო განთავსებული გუშინ გავრცელდა. როგორც გაირკვა, ვიდეო ორი კვირის წინ იყო ატვირთული და სანამ წაშლიდნენ, 7 ათასამდე ნახვა დააგროვა.
სავარაუდოდ ეს სწორედ ის ვიდეოა, რომელიც ინტერნეტში რამდენჯერმე გავრცელდა და რომლის გავრცელების გამო საქმე აღიძრა 19 ადამიანის წინააღმდეგ.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ქრონიკა + – ის რედაქტორი, ელისო კილაძე დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ვიდეოს არსებობის შესახებ სამართალდამცავებს ოფიციალურად მან შეატყობინა.
“არის თუ არა ეს ძველი კადრები თუ ახალი ვერ გეტყვით იმიტომ რომ მე კადრები ნანახი არ მაქვს. ჩემს ფეისბუქზე კომენტარში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩემთვის უცნობმა დაწერა, რომ იუთუბზე ისევ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები რომელიც ეხება დეპუტატ ეკა ბესელიას. ლინკი ასევე გავუგზავნე შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შეტყობინებას დავრეკე 112-ში,”-აცხადებს ელისო კილაძე.