პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება: მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეფასებები

ოპოზიციური პარტია”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამ დრომდე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების არც ერთ ფაქტებზე გამოძიება დასრულებული არ არის და დამნაშავეები არ დასჯილან.

“ფაქტია, რომ ადამიანები, რომლებიც ხდებიან არასასურველი ამ ხელისუფლებისთვის მათ მიმართ გამოიყენება ასეთი მეთოდები. აქ მთელი უბედურება იმაშია, რომ წლების განმავლობაში მსგავსი შემთხვევების დროს იქნებოდა ეს გვარამიას შანტაჟი, სხვა ჟურნალისტების შანტაჟი თუ ახლა ბესელიას საქმე, ჩვენ არასდროს სახელმწიფოსგან პასუხის არ მიგვიღია, იმიტომ, რომ ეს არის ის ბინძური მეთოდი, რითიც ებრძვიან ისინი ოპონენტებს. ეს არის კატასტროფული საფრთხე ქვეყნისთვის, პირადი კადრების გამოყენება ოპონენტების მიმართ უფსკრულში მიათრევენ ამ ქვეყანას,”-ამბობს ელენე ხოშტარია. 

მისგან განსხვავებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რომან კაკულია გამორიცხავს,რომ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების შესახებ ვიდეოკადრების გავრცელებას “ქართულ ოცნებასთან” ჰქონდეს კავშირი.

“ყველა ხედავთ, გიორგი გახარია ცდილობს, მაქსიმალურად დაუბრუნოს პოლიციას ის სტატუსი, რას მას უნდა ჰქონდეს მხარდაჭერის სახით საზოგადოების მხრიდან. თუ ამ თემას აქვს რაიმე ტექნიკური ბარიერი, რომელიც ძნელად გადასალახია, ამაზეც ღიად უნდა ითქვას. თუ ასე არაა, მაშინ უახლოეს დროში, მეტი სიცხადეა საჭირო, საზოგადოებამ უნდა გაიგოს ვინ დგას ამ პროცესების უკან”, განაცხადა კაკულიამ.

“ამას გამოვრიცხავ აშკარად. ვინ მიიღო ყველაზე მეტი დარტყმა ამ პროცესებისგან? მივიღეთ თითოეულმა ჩვენგანმა, არავის ინტერესი არაა ასოცირებული იყოს იმ ძალასთან, რომელიც შეიძლება, კავშირში იყოს ამასთან. ჩემი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ იზიარებს. ძალოვნებს დაველოდოთ, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ამის გამოძიება”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისი თქმით, მან აღნიშნული ჩანაწერების შესახებ დეპუტატ დავით ჭიჭინაძისგან გაიგო.

გია ვოლსკის ვარაუდით, არ არის გამორიცხული რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება მმართველ გუნდში ახალი სკანდალის გამოწვევას ისახავდეს მიზნად.

“საქმე იმაშია, რომ არავის არ უნახავს თვითონ ეს კადრები. მაგრამ თვითონ ეს თემა კადრების გავრცელების, მნიშვნელოვნად უკავშირდება გარკვეული ადამიანების, თუნდაც პოლიტიკური ჯგუფიც შეიძლება ინტერესს, რომ კიდევ დამატებითი სკანდალური ურთიერთობების თემაზე გადაიყვანოს უმრავლესობის გუნდი,”-განაცხადა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასა და კადრების გავრცელების დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობაზე მიუთითებს ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი.

“დასადგენია ზუსტად, გავრცელება მოხდა თუ არ მოხდა, იმიტომ, რომ მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. თუ მოხდა და ვინმეს აზრად მოუვიდა, რომ ასეთი ქმედება განეხორციელებინა, ეს იქნება ერთდროულად ამაზრზენი და თანაც დანაშაულებრივი ქმედება. ერთხელ, როდესაც ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, 8 პირი მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში და თუ ასეთი რამ კიდევ ვინმეს თავში მოუვიდა, დარწმუნებული ვარ, რომ ვერ ასცდება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კანონის წინაშე აგებს პასუხს”, ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები ეკა ბესელიას მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობენ: “შეიძლება, თამამად ვთქვათ, რომ გარკვეული ეჭვი არსებობს, ხომ არ უკავშირდება მის ბოლოდროინდელ აქტიურობას ამ კადრების გავრცელება. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ეს ფაქტი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ადამიანების პირადი ცხოვრება იყოს დაცული,”-აცხადებს საია-ს ხელმძღვანელი სულხან სალაძე.