პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარეშე საარჩევნო სისტემაზე საუბარი აზრს მოკლებულია- ზურაბ ჯაფარიძე

,,გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას არ შეწყვეტს, საარჩევნო მოდელზე შეთანხმება აზრს მოკლებულია.

მისი თქმით, თუ ამ ფორმატზე შედგება შეთანხმება, გირჩი გაიზიარებს შინაარსს.

,,პოლიტიკური პატიმრები არიან გამოსაშვები, პოლიტიკური დევნა არის შესაწყვეტი, სხვა შემთხვევაში საუბარი რამე საარჩევნო სისტემაზე, მგონია, რომ აზრს მოკლებულია. იმიტომ, რომ შეიძლება ისინიც დაიჭირონ, ვინც გარეთაა დარჩენილი. გამოვა, რომ რაღაცაზე შეთანხმებული იქნები და ყველა იქნება ციხეში. ამიტომ მგონია, რომ ეს პრინციპული საკითხია.

ამ ფორმატში თუ იქნება რამე შეთანხმება, გირჩი გაიზიარებს ამ ფორმატის შინაარსს. არ მჯერა, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარეშე რამე შეთანხმებაზე შეიძლება წავიდნენ, რადგან ყველა შეხვედრაზე პრინციპული საკითხი იყო. თუ პროპორციული არ იქნება, უნდა იყოს ისეთი სისტემა, რომელიც იქნება მაქსიმალურად ახლოს პროპორციულთან. 110/40 საერთოდ არ არის ახლოს მაგასთან”,- ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნება” ინიციატივით გამოვიდა, კანონში ჩაიწეროს 40%-ის პრინციპი, რომლითაც ამაზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობას ვერ დააკომპლექტებს.

რაც შეეხება ოპოზიციის მეორე მოთხოვნას პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.