პოლიტიკური პროგნოზები 2019 წლისთვის

{{ARTICLEIMAGE}}

ინტერვიუ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიასთან:

_2019 გადამწყვეტი იქნება იმ კუთხით, რომ ოპოზიციამ გარკვეული მორალური უპირატესობა მიიღო იმ ფონზე, რომ ეს არ იყო კარგად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და ამას ყველა აღნიშნავს. ოპოზიციური ძალები ითხოვენ, გადაიხედოს საარჩევნო სისტემა და პროპორციული სისტემით ჩატარდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ, ალბათ მთელი წელი იქნება ჭიდილი ამ საკითხზე, მაგრამ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. მეორე – გაგრძელდება გაშმაგებული პოლარიზაცია მედიაში და პოლიტიკურ პარტიებს შორის; ფაქტობრივად საზოგადოების გაყოფა ორ ნაწილად იმიტომ, რომ 2019 წელი არის რეალურად არჩევნების წინა პერიოდი და ორივე მხარე ეცდება, საკუთარი ამომრჩევლის შენარჩუნებას და გაზრდას და ამ პერიოდში, ორივე მხარის მიერ დაშვებული შეცდომები აისახება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

_ახალი ძალის გამოჩენის მნიშვნელობას და შესაძლებლობას როგორ უყურებთ?

იმისათვის, რომ მესამე ძალა გამოჩნდეს, მათ უნდა ჰქონდეთ ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა, საკუთარი ტელევიზია, რადგან თუ გადახედავთ, დღევანდელ პარლამენტში შევიდნენ ის ძალები, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი ტელევიზია. აქედან გამომდინარე, ეს ერთგვარი ტრენდია. მაგალითად, “თავისუფალ დემოკრატებს” და რესპუბლიკელებს არ ჰქონდათ საკუთარი ტელევიზია და ისინი ვერ გავიდნენ პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ახალი ძალის უკან უნდა იდგეს ძლიერი პოლიტიკური-ფინანსური დაჯგუფება და ასევე მნიშვნელოვანია, შექმნან ახალი ნარატივი, რაც განასხვავებს მათ სხვებისგან, რომ შეძლონ მიუმხრობელი ამომრჩევლის მიზიდვა. ახალი ნარატივი იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ იდეურად შთააგონოს ამომრჩეველი, რათა შეცვალოს საკუთარი შეხედულებები. თუმცა ახალი ძალა უცნობ სახეებს არ ნიშნავს, აქ უფრო საუბარია ახალ იდეაზე სახელმწიფოებრივ მოწყობასთან დაკავშირებით, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხებთან, და თუ ეს ყველაფერი მიბმული იქნება უბრალო ამომრჩევლის ინტერესებთან, წარმატების შანსი მეტი იქნება. ჩვენთან, პოლიტიკური პარტიები სამწუხაროდ, ხშირად ვერ ახერხებენ, გამოხატონ სხვადასხვა სოციალურ-პოლიტიკური ჯგუფების ინტერესები პოლიტიკურ დონეზე. ფაქტია, რომ ასეთ ძალაზე მოთხოვნა არის ქართულ საზოგადოებაში. არ უნდა დავივიწყოთ მედიარესურსების როლიც, ახალ ძალას თუ არ ექნება საკუთარი ტელევიზია, ძალიან გაუჭირდება კონკურენციაში შესვლა იმიტომ, რომ არსებული პოლიტიკური ძალები მათ ხელში არსებული უზარმაზარი რესურსების არათანაბარი გადანაწილების გამო საშუალებას არ აძლევენ მესამე ძალას, წარმატებას მიაღწიონ.

_ასეთ რესურს ხედავთ ამ ეტაპზე?

არა, ჩვენ ვხედავთ ორ პოლიტიკურ პოლუსს – ერთია ივანიშვილი, რომელიც ფინასურად ასევე პოლიტიკურად ფლობს “ქართულ ოცნებას” და მეორე – სააკაშვილი, რომელიც არის “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მფლობელი და ბუნებრივია, მათ აქვთ მონოპოლიზებული მედია და ფინანსები და კონკურენცია სამართლიანი არ არის.

_აქციებზე როგორც სტრატეგიის ნაწილზე რას ფიქრობთ?

აქციებზე უარის თქმა ცოტა გადამეტებული იქნებოდა, რადგან მას პოლიტიკური პარტიები ევროპის ქვეყნებშიც ხშირად იყენებენ. მთავარია, აქციები სინთეზში იყოს საზოგადოებრივ აზრთან, და მნიშვნელოვანი აცდენა არ ჰქონდეს მასთან. თუ ეს ასე არ არის და სამწუხაროდ, ხშირად ასეც არის, მაშინ პოლიტიკოსები ცდილობენ რადიკალიზაციას – ამაზე ამომრჩეველი ხშირად უარს ამბობს და ამის გამო არ მოჰყვება ეფექტური შედეგი, რაც ჩაფიქრებული აქვთ ხოლმე ორგანიზატორებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა – ყველა დარწმუნდა, რომ ამომრჩეველი გაიზარდა და მისი პოლიტიკური კულტურა კიდევ უფრო დაიხვეწა. იგი ირჩევს ევოლუციას და უარს ამბობს რევოლუციური გზით ხელისუფლების შეცვლაზე. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურმა პარტიებმა და ლიდერებმა ამით უნდა იხელმძღვანელონ.