“პრაიდი უკვე ჩატარდა, რასაც ვულოცავ ერთ მხარესაც და მერე მხარესაც“–გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი თბილისი პრაიდთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, დაპირისპირებას, ლევან ვასაძის სახალხო რაზმების შექმნას და შემდეგ ამ რაზმების პატრულირების გადაწყვეტილების გაუქმებას აფასებს. პალიტრის ეთერში გია ხუხაშვილმა განაცხადა, რ ომ ამ ყველაფრით სახელმწიფო საბოლოო ჯამში მაინც დაზარალდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით ეს თემა ხელოვნურად არის გააქტუალურებული:
“გაიტესტა სიტუაცია, გაიტესტა თემა, მოგონილი თემა, არსაიდან მოტანილი თემა. გაიტესტა ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. აქვს თუ არა ამას პოლიტიკასთან კავშირი. რა თქმა უნდა, აქვს. ასეთ კრიზისების კერებს გავლენის აგენტურა ეძებს. მე არ ვამბობ ახლა და არავისთვის ხელის დადება არ მინდა და იმის თქმა, რომ ვიღაცა ვიღაცაზე მუშაობს, შეიძლება ეს ყველაფერი ნატურალურია, ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც, მაგრამ როგორც კი თემა იბადება, რომელი ტოვებს პოლიტიკის საზღვრებს და ფუნდამენტურ მსოფლმხედველობრივ დაპირისპირებაში გადადის, როცა ინტელექტი იკეტება და მხოლოდ ემოციებით მიმდინარეობს დაპირისპირება, გავლენის აგენტურისთვის ეს არის ძალიან კარგი საჩუქარი.
ამ დაპირისპირებას ორივე მხარეს იყენებს. როდესაც მაგალითად რუსებზეა ლაპარაკი, ამ დაპირისპირების ნარატივი ხომ საბოლოო ჯამში რუსების სასარგებლოდ მუშაობს. გავლენის აგენტურა მხოლოდ ერთ მხარეს არ მუშაობს. იქითაც არიან და აქეთაც არიან. შეიძლება ლიდერებმა ამ მოძრაობის საერთოდ არ იციან, ისე არიან აგენტები ჩანერგილი და ცდილობენ შუბლებით დაატაკონ ერთმანეთს. როცა სუსტს უპირისპირდები ეს არ არის ვაჟკაცობა. აპელირება რომ თურმე უნდა ავდგეთ ასიათასი ვაჟკაცი და ორმოცდაათი კაცი გავკოჭოთ, არ შეიძლება ასე ლაპარაკი. უხერხულია ყველაფერს რომ თავი გავანებოთ. საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ. პრობლემა არის ხელოვნურად გაბუქებული, გაბერილი. შეიძლება ვიღაცა ამას ხედავდეს როგორც პრობლემას, მაგრამ ხო უნდა შეაფასოს მაშტაბი ამ პრობლემის და ღირს თუ არა საერთოდ ამაზე ასეთი ამბის ატეხვა. ნამდვილად არ არის საქართველოში ეს სიტუაცია. რა ლეგიონები, ასიათასკაციანი ლეგიონი რას უპირისპირდება? 50 კაცს უპირისპირდება? აქ გადის ფრონტის ხაზი ჩვენს ქვეყანაში? წარმოიდგინეთ სპილოების ჯოგი ჭიანჭველამ რომ გააქციოს. ამის დრამატიზება, გაბუქვა ეს არის შეკეთებული თემა და გავლენის აგენტების ნამუშევარია. როგორც კი ჩნდება ასეთი კერები, მაშინვე ხდება გაბუქვა.
შსს–ც არ არის დღეს გამარჯვებული. რა გააკეთა?სინამდვილეში პრაიდი უკვე ჩაატარეს. ეს იყო პრაიდი რაც ვნახეთ. პრაიდმა უკვე ჩაიარა და ძალიან კმაყოფილი უნდ აიყოს ეს თემი, რომ ისინი გამოჩნდნენ ძლევამოსილებად. პრაიდი შეიძლება არავის არ გაეშუქებინა და ის, რაც ახლა ხდება ყველა აშუქებს. მათ საინფორმაციო სივრცე გაავსეს. რომელი მშვიდად ჩატარებული პრაიდი დაიკავებდა ამხელა საინფორმაციო სივრცეს? პრაიდი უკვე ჩატარდა, რასაც ვულოცავ ერთ მხარესაც და მერე მხარესაც.
ერთის მხრივ ხელისუფლებას პრობლემა ქონდა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მის ინტერესებშიც იყო. პრობლემა შეიქმნა იმიტომ, რომ ამ ბოლო დროს ხელისუფლება ძალიან დაუახლოვდა საპატრიარქოს. სულ თვალის ჩაპაჭუნებაში არიან და მოილოცეს მგონი ყველაფერი, რაც საქართველოში იყო. და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ამას აშკარად ფარისევლური ხასიათი ქონდა.
ხელისუფლებას მისთვის პოლიტიკური აქტივის დაკარგვა არ უნდა . შესაბამისად ცდილობდნენ რომ ლავირება მოეხდინათ და გამომძვრალიყვნენ ამ სიტუაციიდან. რაც პრინციპში მოახერხეს და რაც მთავარია ფრონტის ხაზი გადაიტანეს სხვაგან. დღეს პრობლემა ხელისუფლება კი არ არის, არამედ პარადი – ლომების პარადი. მთლიანობაში დავარქვი ლომების პარადი.“– ამბობს ხუხაშვილი.
რაც შეეხება ვასაძის მიერ გამოცხადებული სახალხო რაზმების პატრულირების დღეს საღამოს უარყოფას აა გაუქმებას, ხუხაშვილის აზრით, ეს არის სახაის შენარჩუნების მცდელობა:
“ ძალიან მაღლა აწია თამასა. ის საკმაოდ განათლებული ადამიანია და არ მგონია არ ესმოდეს, რომ არ არის ეს პრობლემა ამ ქვეყანაში, ისეთი მაშტაბის, რომ ასე ცეცხლით და მახვილით ებრძოდე.
არ გამოვრიცხვ, რომ ეს იყო ტესტირება. არსებობს გარკვეული ელექტორალური სეგმენტი რომელზეც დღემდე გასასვლელი უფრო ქონდა პატრიოტთა ალიანსს. დღეს შეიძლება ითქვას მოხდა მისი კონკურენტის ფორმირება პოლიტიკურ ბაზარზე. ეს არ არის დიდი სეგმენტი, დაახლოებით 15 პროცენტიანი სეგმენტია. შეიძლება მას შეიძლება მართლა აქვს პოლიტიკაში გეგმები და მოახდინა ტესტირება რამდენად შესაძლებელია ამ ელექტორალური მასის კაპიტალიზაცია.
თუ ის გადაწყვეტს 2020 ის არჩევნებზე გამოჩნდეს, არ გამიკვირდება. ის სეგმენტი, რომელზეც ის პოზიციონირებს არ არის კრიტიკული. ძალიან მცირერიცხოვანი სეგმენტია. აქტიური ამომრჩევლის 10–15%.
მე ვფიქრობ რომ პატრიოტთა ალიანსის კონკურენტი მივიღეთ მეტი არაფერი.
ესეც არის გარკვეულწილად ჩაკეტილი სისტემა. ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ თუ მრევლზე მიდის, მრევლი ასე აკეთებს არჩევანს. წყალგამყოფის გატარება ამ თემაზე პოლიტიკაში ვერ მოხდება. წყალგამყოფი სხვაგან გადის აბსოლუტურად და თუ ვინმეს უნდა სერიოზული ელექტორალური სეგმენტი მოიცვას სხვა თემით უნდა გამოვიდეს ბაზარზე. თუმცა ეს სტაბილური სეგმენტია. არა კრიტიკული, მაგრამ ეს სეგმანტი ყოველთვის იქნება. კი ბატონო, აწყობს ვასაძეს ამ სეგმენტით პოლიტიკაში შემოსვლა, მისი არჩევანია, მისი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ილუზია იმისა, რომ ამ სეგმენტით ხელისუფლებაში მოვა ვინმე არავის არ უნდა ქონდეს.
ეს მოცემულობა დინამიკაში იცვლება მერე და მერე, მაგრამ დღეის მდგომარეობით ასეთია. რამდენიც არ უნდა ვივიშვიშოთ ,ერთ მხარეს დავუჭიროთ მხარი და მეორე მხარე ვამუნათოთ, ეს მოცემულობა არ იცვლება. ეს მოცემულობა იცვლება ევოლუციურად. რევოლუციურად – ნაჯახით, კომბლით და თოფით არ იცვლება.
ვასაძეს თუ უღირდა ამისთვის ამხელა შარიშური არ ვიცი. მაგრამ მისი დღევანდელი გამოსვლა ამ ელექტორატმაც კი უკან დახევად ჩაუთვალა. იმიტომ რომ როცა თამასას მაღლა წევ, A-ს რომ იტყვი B-ც უნდა თქვა. ასე მაღლა რომ აწევ და მერე გამოძვრომის გზას ეძებ, მე ვფიქრობ რომ ძალიან უხარისხო თამაში გამოუვიდა.“–აცხადებს გია ხუხაშვილი.