“პრანჭიაობა მაგრად გამოგდის“–ლევან ხაბეიშვილი კალაძეს ტყუილში ამხელს

საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძე ტყუილში დაადანაშაულა და მისი მხილება ვიდეომიმართვით გადაწყვიტა.
საქმე ეხება თბილისში ბუშის ქუჩაზე მდებარე ტერიტორიას, რომლის გამწვანება მერიამ გასული წლის შემოდგომაზე გადაწყვიტა, კომპანიასთან ხელშეკრულება ნოემბრის ბოლოს გააფორმა და ბიუჯეტიდან 793 000 ლარიც გამოყო.
“გვინდა, აღნიშნულ ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ და მოვაწესრიგოთ. ასევე, შევცვალოთ საინფორმაციო ბანერი, რომელზეც ბუშის ფოტოა განთავსებული. ეს იქნება ერთ-ერთი ლამაზი სივრცე, მოწესრიგებული სარწყავი სისტემებით. რეაბილიტაციის ფარგლებში, ასევე, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები და ტერიტორია საკმაოდ მიმზიდველი გახდება.“– განაცხადა კალაძემ. ტერიტორიის კეთილმოწყობის შესახებ მერიამ ვიდეორგოლიც დაამზადა. თუმცა, მას შემდეგ ხუთი თვე გავიდა და სამუშაოები ისევ არ დასრულებულა.
ცოტა ხნის წინ, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელშეკრულებო პირობები დარღვეულია, ტერიტორია ისევ მძიმე მდგომარეობაშია და აქ სამუშაოები დროულად არ დასრულებულა, რის გამოც მას კალაძემ მატყუარა უწოდა.
დღეს კი ლევან ხაბეიშვილმა ვიდეოჩართვა გააკეთა და გადაწყვიტა კალაძისთვის დაემტკიცებინა, რომ მატყუარა თვითონ თბილისის მერია. მან წარმოადგინა ხელშეკრულება, რომლითაც სამუშაოების დასრულების ვადად 30 მარტია მითითებული. თუმცა კომპანიამ სამუშაოები არ დაასრულა. თბილისის მერმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კომპანიას კონტრაქტი შეუწყვიტეს, რადგან მათ ვალდებულებები არ შეასრულეს და თანხაც სრულად არ გადაურიცხეს, თუმცა ლევან ხაბეიშვილის აზრით ეს გამართლება არ არის.
“აბა რას ვიტყუები კახი? აბა რა მოვიტყუე ბიჭო?კომპანიას გავეკიდო? კომპანია კი არ აგვირჩევია, შენ აგირჩიეთ მერად. იქაურობა გავერანებულია.მე რომ განცხადება გავაკეთე, მერე მივიდნენ და რაღაც სამუშაოები დაიწყეს.ფაქტები გაჩვენეთ მისივე განცხადებებით როგორ ტყუის კახი. ძალიან მძიმე მდგომერეობაში ხარ მართლა.პრანჭიაობა მაგრად გამოგდის, წალკოტი რომ უნდა ყოფილიყო აი ეს ხდება. არადა მერიის საიტზე დღემდე გიდევს ლამაზი ფოტოები რა უნდა ყოფილიყო აქ. “– ამბობს ხაბეიშვილი