პრემიერი: მთავრობა მოახერხებს სიღარიბის დონის შემცირებას

“საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” – თბილისში ეკონომიკური კონფერენცია ტარდება. მონაწილეები რამდენიმე თემაზე მსჯელობენ, მათ შორისაა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პერსპექტივები, რეფორმები ფინანსურ სექტორში და დაგროვებით საპენსიო რეფორმა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მამუკა ბახტაძემ განხორციელებულ რეფორმებზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა. პრემიერის განცხადებით ქვეყანაში მთავარ გამოწვევად სიღარიბე რჩება და არსებული ეკონომიკური პოლიტიკით მთავრობა მოახერხებს სიღარიბის დონის შემცირებას. მისივე თქმით საქართველო ვერასოდეს მოხვდება განვითარებულ ქვეყანათა რიცხვში, თუ არ განხორციელდა მაშტაბური ინვესტიციები განათლებაშიც.

“საქართველოს მთავარ და მტკივნეულ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება სიღარიბე, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. ჩვენთვის სასიცოცხლლოდ მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარება, რათა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ფოკუსირებული არ იყოს 1-2 მსხვილ ქალაქში. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ გახლავთ. ზოგადად, ინკლუზიური ზრდა არის გლობალური ხასიათის პრობლემა, თუმცა, ვფიქრობ, ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით და რომლებსაც გადავდგამთ, საქართველოში ასეთი ტიპის ზრდის მიღწევაში დაგვეხმარება. ინკლუზიური ზრდა წარმოუდგენელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე, შესაბამისად, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი გახლავთ”.