პრემიერი ოპონენტებზე ამბობს, რომ ძალაუფლებისთვის “ყველაფერზე წავლენ”

{{ARTICLEIMAGE}}
სახელმწიფო ინსტიტუტები საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ასეთი ფაქტების გამოაშკარავება და პრევენცია მოახდინონ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და “დონბასის” ბატალიონის ყოფილი მეთაურის შეხვედრასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ნურავის ექნება ილუზია, რომ საზოგადოების ცხოვრებაში დისონანსს შემოიტანს. 

“ეს საკითხი, ბუნებრივია, ძალიან რეზონანსული და აქტუალურია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ, ეს არ არის სიურპრიზი. ჩვენ საქმე გვაქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთი ძალაუფლებისთვის ყველაფერზე არიან წამსვლელი – ყველაფერზე, ამ სიტყვაში მართლაც რომ ყველაფერი იგულისხმება. რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს თავისი მიზანი, რომ მსგავსი ქმედებების პრევენცია მოახდინოს. წინასაარჩევნო პერიოდშიც და მანამდეც არაერთხელ განვაცხადე, რომ ნურავის ექნება ილუზია იმისა, რომ საზოგადოების ცხოვრებაში დისონანსს შემოიტანს. ჩვენი ინსტიტუტები საკმარისად ძლიერია, რომ ასეთი ფაქტების გამოაშკარავება და პრევენცია მოახდინონ, ხოლო ბუნებრივია, საზოგადოებას აქვს ის უფლებამოსილება, რომ ამა თუ იმ სრულიად უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი მოქმედებებისკენ მიდრეკილი პოლიტიკოსების საქციელი შეაფასოს”, თქვა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვით საქართველოში დაკავებული ჯგუფი, რომელთა შორის დონბასის” ბატალიონის წევრებიც არიან, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით თბილისში დაგეგმილ აქციაზე არეულობის შეტანას გეგმავდნენ და სწორედ ამ მიზნით შეხვდა სააკაშვილი მის მოკავშირეს, “დონბასის” ბატალიონის მეთაურს. თავად ბრალდებების ადრესატები პროვოკაციაზე მიუთითებენ.