პრემიერი:ვინც რეფორმების ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი გუნდში ვერ იქნება

 

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა არჩევნების პირველ და მეორე ტურებზე მოქალაქეებისგან მკაფიო გზავნილები მიიღო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს გზავნილები კარგად არის გააზრებული და 2019-2020 წლებში კონკრეტული შედეგები დაიდება ყველა მიმართულებით.


“ძალიან მკაფიო გზავნილები მივიღეთ ჩვენი მოქალაქეებისგან როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში. ეს გზავნილები ძალიან კარგად არის გააზრებული. ბუნებრივია, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ სახელმწიფო რესურსით შევძლებთ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ ეს არის რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დავაყენოთ ყველა მიმართულებით. ეს შეეხება სოციალურ პოლიტიკას, ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას, ინფრასტრუქტურის უფრო სწრაფ მშენებლობას. ეს ციფრი, თავისთავად, მოითხოვს ძალიან ეფექტურ მენეჯმენტს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება შევძლოთ.

აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შედეგების სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ბუნებრივია, ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი გუნდში ვერ იქნება, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე,” თქვა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.