“პრეზიდენტი აზიანებს ქვეყნის იმიჯს”-დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე  საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერზე უხერხულ პოსტს ეხმაურება.

ბაქრაძე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტ ტრამპის პოსტის გაზიარებას საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ ქმედებად აფასებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ამერიკასთან მიმართებაში არის და იქნება სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება იმის მიუხედავად, რომელი პარტიაა წარმოდგენილი თეთრ სახლში და კონგრესის უმრავლესობაში. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, გვქონდეს კარგი ურთიერთობა ორივე პარტიასთან – რესპუბლიკელებთანაც და დემოკრატებთანაც. ამიტომ, სრულიად არასწორად, საზიანოდ და არასწორად მიმაჩნია ჩვენი მხრიდან ამერიკის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას აკეთებს ქალბატონი ზურაბიშვილი და ამით ის აგრძელებს იმ “წარმატებულ” ტრადიციას, რომელიც მან არაერთგზის გამოავლინა, როდესაც აზიანებდა საქართველოს იმიჯს და საქართველოს ინტერესებს უცხოეთში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის პოსტიგამოჩნდა,  სადაც ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს „მძინარას” უწოდებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ შეცდომა სოციალური მედიის მენეჯერს მოუვიდა და ტვიტი მალევე წაშალა.