“პრეზიდენტი ბოროტმოქმედია“–ალეკო ელისაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულის შეწყალებას, რომელმაც ბათუმში პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლა მწვავე რეაქცია მოჰყვა. 

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ბოროტმოქმედებას უწოდებს:

“შეწყალების კომისიაში მუშაობა ძალიან რთული, უფრო სწორედ უმძიმესი იყო. ძალინ ბევრი საპასუხიმგებლო გადაწყვეტილების მიღება გვიხდებოდა. ყველაზე მეტად მადარდებს ის რომ რამდენიმე შეწყალებულმა შემდეგ მძიმე დანაშაული ისევ ჩაიდინა. მაგრამ ღმერთი რჯული, პოლიციელის მკვლელის შეწყალება სცდება ყველანაირ ზღვარს. ეს არის ბოროტმოქმედება და მეტი არაფერი. თვითონ პრეზიდენტია ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბოროტმოქმედი და პოლიციელების პოტენციური მკვლელების წამქეზებელი.“– წერს ელისაშვილი.

2014 წლის 27 დეკემბერს მუკბანიანი ბათუმში, ღამის კლუბ ლეგასში მოკლეს. ის კლუბში სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, თუმცა, თან ჰქონდა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიციელი სწორედ ამ იარაღიდან გასროლით მოკლეს. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.


რამაზ დევაძე იმ 34 მსჯავრდებულს შორის მოხვდა, რომლებიც პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.