საქართველოს პრეზიდენტი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას პანაშვიდს მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაესწრება:
“ჩემი ადმინისტრაციის კონსულტანტი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებში მაია ცაბოშვილი სენაკში ჩავა და ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ჩემი სახელით, სამძიმარს გამოუცხადებს.ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა მძიმე ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნისთვის. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.“ – წერს საალომე ზურაბიშვილი.
ოკუპირებულ გალის რაიონში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 13 მარტს გადმოასვენეს და თბილისში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარეს, შემდეგ კი თბილისიდან სენაკში გადაასვენეს. გარდაცვლილი დაასვენეს სენაკის ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში, სადაც ირაკლი კვარაცხელია ცხოვრობდა გალის რაიონის სოფელ აჩიგვარიდან დევნილობის შემდეგ. მას კვირას დაკრძალავენ.
ინფორმაცია ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ, პირველად 12 მარტს, ღამით გავრცელდა. ოკუპირებული აფხაზეთიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.
13 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „უშიშროების სამსახურმა“ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელია „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დააკავეს და შესაბამისი დოკუმენტების გასაფორმებლად გადაიყვანეს აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს შენობაში, სადაც კვარაცხელიამ თავი ჩამოიხრჩო.
ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებითვე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილის არაძალადობრივი ხასიათი.
გარდაცვლილის ნათესავები თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმებიან. მათთვის უცნობია, რა მიზნით გადავიდა ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ გალის რაიონში.