პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მოისწრაფიშვილი ფეისბუქში გამოთქმული მოსაზრების გამო გაათავისუფლეს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მოისწრაფიშვილი ფეისბუქში გამოთქმული მოსაზრების გამო გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია ადმინისტრაციამ ოფიციალურად დაადასტურა.

“ხატია მოისწრაფიშვილი 2019 წლის 4 სექტემბერს სიტყვიერად გაფრთხილებულ იქნა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ხოლო 10 სექტემბერს გაეგზავნა შეტყობინება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება.

ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მუშაობის პრესსამსახურში გაგრძელების ოფიციალური შეთავაზება მიიღო”-აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მოისწარაფიშვილმა “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს სოციალურ ქსელში მხარადჭერა გამოუცხადა.