პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზურაბიშვილის ტვიტერზე კიბერშეტევის ვერსიას განიხილავენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის ფაქტს განიხილავს.

ზურაბიშვილის გვერდიდან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარების ფაქტს,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, განიხილება ორი ვერსია, რომ ეს იყო სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის შეცდომა ან კიბერთავდასხმა.

„უკვე არაერთხელ განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას. შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც. ვფიქრობთ, საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათა შორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის „ტვიტი“ გაზიარდა, სადაც ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული პოსტი გარკვეული პერიოდის შემდეგ  წაიშალა.