საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა შორის კიდევ ერთი მკვლელობისთვის მსჯავრდებულია. საუბარიაზურაბ ნადირაძეზე, რომელიც 1994 წელს თბილისში მომხდარი ჩხუბისას გიორგი ქოიავას მკვლელობაშია ბრალდებული. ის თავს ჩეხეთს აფარებდა. 2017 წელს ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრომ მისი საქართველოში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო.
რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ზურაბ ნადირაძე ამტკიცებდა, რომ არ ჩაუდენია მკვლელობა და პოლიტიკური მოტივებით დევნას განიცდის, როგორც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. ის ჩეხეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. ამასთან, ნადირაძის შვილმა „მთავარ არხს“ დაუდასტურა ინფორმაცია შეწყალების შესახებ.
არსებული ინფორმაციით, ზურაბ ნადირაძეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის და 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.
პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც ოპოზიციის, ისე „ქართული ოცნების“ წევრებმა. ამასთან, სახალხო დამცველმა მოუწოდა პრეზიდენტს, დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.
ამასთან, 18 სექტემბერს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნი ბრიფინგს გამართავს.