პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყაზახ ოპოზიციონერს „ღირსების ორდენი“ ჩამოართვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზახ ოპოზიციონერ მუხტარ აბლიაზოვს  „ღირსების ორდენი“ ჩამოართვა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ღირსების ორდენის ჩამორთმევის მიზეზი მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გახდა.

საქართველოს პრეზიდენტს გასულ წელს   შესაბამისი რეაგირებისათვის საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა და ადმინისტრაციაში წარმოადგინა ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან წარმოდგენილი წერილი შესაბამისი საქმის მასალებით.

აბლიაზოვი 2016 წლამდე  სასჯელს   საფრანგეთში იხდიდა, მას ბრალი  ქონების უკანონო მითვისებისთვის, ფულის გათეთრებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის ჰქონდა წარდგენილი.

აბლიაზოვი ყაზახეთის ენერგეტიკის, ინდუსტრიისა და ვაჭრობის ყოფილი მინისტრის პოსტს იკავებდა და ყაზახეთის “ბი-თი-ეი” ბანკის  ხელმძღვანელიც იყო. 

მის წინაშე ყაზახეთში რამდენიმე საქმეა აღძრული. ოპოზიციურად განწყობილი აბლიაზოვი დევნის საფუძვლად მის პოლიტიკურ შეხედულებებს მიიჩნევს. 

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა აბლიაზოვი პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნიეს. მათ შორის იყო  „ჰიუმან რაით ვოთჩი“ და „ამნესტი ინტერნეიშენალი“. 

აბლიაზოვი ამჟამად  საფრანგეთში ცხოვრობს. თავად მუხტარ აბლიაზოვი ყველა  ბრალდებას უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

აბლიაზოვი,  ყაზახეთის გარდა, უკრაინასა და რუსეთშიც იძებნება. ყოფილ ბანკირს ამ ქვეყნებში ყაზახური ბანკიდან მილიარდების მითვისებას ედავებიან. თავად აბლიაზოვს მიაჩნია, რომ ტრანზაქციები კანონიერად განხორციელდა. დევნის საფუძვლად ის ნურსულთან ნაზარბაევის კრიტიკას მიიჩნევს.

2006 წლის 16 ოქტომბერს აბლიაზოვი “ღირსების ორდენით” დაჯილდოვდა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ. აბლიაზოვი საქართველოში მსხვილ ინვესტიციებს აანონსებდა.