საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების საკითხზე ბრიტანეთის შესაბამისი უწყებისადმი მიმართვის შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას აკეთებს.
„საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, – კერძოდ: მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ყალბი ახალი ამბების შექმნასა და გავრცელებაში ამხილა, ამ პირთა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, პროკურატურის მიერ მოხმობილი უტყუარი მტკიცებულების უარყოფა ახალი სიყალბით სცადა. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების პასუხად, რომ „საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის“, ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის ადვოკატის მიერ, გასაჯაროვდა დიდ ბრიტანეთში გაგზავნილი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე და დიდი ბრიტანეთიდან მიღებული ინფორმაცია ფინანსური აქტივობების შესახებ, რომელიც თითქოსდა წარმოადგენს შუამდგომლობის პასუხს. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ ორ დოკუმენტს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე გამოძიების მსვლელობისას დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის პროცედურების დაცვით, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის არხების მეშვეობით. ამ შუამდგომლობის პასუხი და შესრულებული მასალები საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღემდე არ მიუღია და ეს ცნობილია დაცვის მხარისათვისაც, ვინაიდან მათ სრულყოფილად გადაეცათ საქმის მასალები. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძის ფინანსური აქტივობების შესახებ – ის მიღებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურებს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო არხით, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია გამოძიებასთან და ეს წერილი არ არის და თეორიულადაც ვერ იქნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის პასუხი. აღნიშნული პროცედურების შესახებ ცნობილია ნებისმიერი იურისტის და სამართალმცოდნისათვის. გარდა ამისა, ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა გაგზავნილია 2019 წლის 03 ივნისს, მაშინ როდესაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი არ ჰქონიათ, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციაში ფინანსური აქტივობების შესახებ მამუკა ხაზარაძე მოხსენიებულია როგორც ფულის გათეთრებაში ბრალდებული. მხოლოდ ეს ინფორმაცია, არათუ სამართალმცოდნეს, არამედ ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს, რომ ამ ორ დოკუმენტს არანაირი კავშირი ერთმანეთთან არ აქვს. ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ მასალებშიც კი ნათლად ჩანს, რომ არანაირ თანამშრომლობას ანტიტერორისტული ღონისძიების ფარგლებში ადგილი არ ჰქონია და სიტყვა „ანტიტერორისტული“ არცერთ დოკუმენტში ნახსენები არ არის, რაზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ მიერ გამართულ ბრიფინგზე ასე აქტიურად აპელირებდნენ. ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრულყოფილად ცნობილია დაცვის მხარისათვის, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის მასალები მათ მიერ გასაჯაროვდა არასრულყოფილად, მიზანმიმართული დამახინჯებით, რაც მიზნად ისახავს მორიგი ყალბი ამბის გავრცელებით საზოგადოების დეზინფორმირებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.