შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე.
საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.
პროკურატურამ გვარამიასთვის ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ბრალი წარდგენილია სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიას მიერ “საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, ნიკა გვარამია ბოროტად იყენებდა თავის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე.
პროკურატურამ გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომპანია ინტერმედია პლუსმა 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, საკუთრებაში მიიღო, ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში, ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა რუსთავის 2-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში 602 521 ლარად.
ნიკა გვარამიას ბრალის დადგენილება გუშინვე გააცნეს, თუმცა რუსთავი2–ის ყოფილი დირექტორმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ბინების ეპიზოდი ბრალში საერთოდ არ წერია.
გვარამია ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მისი მხრიან რუსთავი2–ისთვის მიყენებული ზარალი ბუნებაში არ არსებობს. მათ შორის არც ის 6763510 ლარი, რომელზეც პროკურატურა საუბრობს და თანხა რუსთავი 2–მა ინტერმედია პლიუსისგან დაიბრუნა. რაც შეეხება ბინებს, გვარამია ამბობს, რომ მანამდე მან საკუთარი ბინა გაყიდა და თანხა ინტერმედია პლიუსს ასესხა, რადგან თანხა გადასარიცხი იყო რუსთავი2–ზე ხელფასების დასარიგებლად, მოგვიანებით კი მას ეს ვალი ბინით დაუბრუნეს.
ნიკა გვარამია დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.