თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.
500 000 ლარიანი გირაოს გარდა, პროკურატურა ასევე ითხოვს, რომ ავთანდილ წერეთელს საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე, აეკრძალოს.
„ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარედგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე. პროკურატურამ დღეს სასამართლოს მიმართა ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე. გირაოს ოდენობად პროკურატურა 500 000 ლარს ითხოვს. ასევე, ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ ავთანდილ წერეთელს აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე. თანხის ოდენობა პროკურატურამ განსაზღვრა ავთანდილ წერეთლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან გირაოს ოდენობა შემაკავებელი ხასიათის უნდა იყოს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აღკვეთის ღონისძიების მიზნები. ავთანდილ წერეთლის მიმართ არსებობს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, იგულისხმება იმ ფირმების დირექტორების და თანაპარტნიორების ჩვენებები, რომელთა საშუალებითაც საბოლოო ჯამში მოხდა ამ თანხების თაღლითურად დაუფლება. ასევე არის თიბისი ბანკის თანამშრომლების ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები, საბანკო ამონაწერები, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.