საქართველოს პროკურატურამ საღამოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ხაზარაძის განცხადება, თითქოს მან დაკითხვისას გიორგი გახარიასგან მუქარის წერილის მიღების შესახებ ისაუბრა. პროკურატურა ხაზარაძის ჩვენებიდან ამონარიდსაც აქვეყნებს, რომელშიც ხაზარაძე მიუთითებს, რომ მუქარის წერილი მიიღო. მართალია ის არ აკონკრეტებს, რომ წერილის ავტორი გახარია იყო, მაგრამ მუქარის შემცველი წერილი ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის, წესით საკმარისი უნდა ყოფილიყო პროკურატურის დაინტერესებისათვის. დღეს ხაზარაძე საპარლამენტო კომიტეტში სწორედ იმას უსვამდა ხაზს, რომ მუქარის წერილის შესახებ დაკითხვისას განაცხადა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია. პროკურატურამ საკუთარი წერილით ფაქტიურად ხაზარაძის განცხადება დაადასტურა.
გთავაზობთ პროკურატურის წერილს უცვლელად:
მამუკა ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 26 დეკემბერს.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება.
გამოკითხვისას ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, მისი და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, რომელიც ხაზარაძემ მუქარად აღიქვა. მან ასევე, აღნიშნა, რომ 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურებოდა მათი საერთაშორისო იმიჯის შელახვას, რაც ავტომატურად შეაჩერებდა ანაკლიის პორტის დაფინანსებას.
ამონარიდი მამუკა ხაზარაძის ჩვენების ოქმიდან:
„ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით. მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება მე ამ წერილს გავასაჯაროვებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ესეთი სიტყვებით.“
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მამუკა ხაზარაძეს არაფერი უთქვამს რაიმე წერილის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან.– ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.