პირდაპირი სიტყვებით რომ ვთქვათ, პროკურატურა აბულინგებდა მოწმეს, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ახალი ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც პროკურატურა გვედავება. შესაბამისად, ეს იყო ეროვნული ბანკის, ერთ-ერთი მოხელის აქტის წაკითხვა. სიტყვა უკანონობა მას არ უხსენებია, რადგან არ არსებობს ასეთი რამ. შესაბამისად, კიდევ იყო მცდელობა და ეს სულ გრძელდება ამ პროკურორების მხრიდან ფაქტების დამალვის, ფაბრიკაციის, არა სიმართლის დადგენის, არამედ როგორღაც თავიანთი მოგონოლი ბრალდების ხაზის წაყვანის. რა თქმა უნდა, დღეს, მოწმეს არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაული იყო ჩადენილი. ვერ იტყოდა, იმიტომ, რომ ასეთი რამე არ არსებობს. უბრალოდ, ხდებოდა მისი წარმოჩენა, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი მოწმის. სინამდვილეში ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი მოხელის მიერ წაკითხული შემოწმების აქტი, სადაც საუბარი იყო ინტერესთა კონფლიქტზე, ჯარიმაზე, რომელსაც თავის დროზე ბანკი არ ეთანხმებოდა. ჩვენი მხრიდან იყო ბევრი შეკითხვა, რაზეც პასუხი ვერ გაგვცა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება აღნიშნულ საქმეზე ხშირი მოცემულობით სხდომების ჩანიშვნას 2020 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ეს მათ საქმიანობას ხელს მაინც ვერ შეუშლის.
„როდესაც ყოველ მეორე დღეს გიწევს სასამართლოში სიარული, ცხადია, რომ იმ დღეს, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. იანვარი-თებერვალი ისეთი ინტენსივობით ჩაინიშნა სხდომები, რომ პრაქტიკულად სხვა საქმის კეთება თითქმის შეუძლებელი გახდება. თუმცა, მაინც ეს ვერ შეგვაფერხებს და ჩვენს საქმიანობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.