პროკურატურა რუსთავი 2-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში შევიდა. რუსთავი 2-ის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში,რომლებიც სარეკლამო დროის შესყიდვას აწარმოებდნენ, დოკუმენტაციის ამოღება დაიწყეს.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება შპს ,,სამაუწყებლო კოპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გასხვისების შედეგად მიღებული, სარეკლამო მომსახურების კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, შპს ,,სამაუწყებლო კოპანია რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის შემსყიდველი კონტრაქტორი კომპანიებიდან – შპს „პროესკო“-დან, შპს „პრო მედია“-დან, შპს „მედია პორტი“-დან, შპს „პროესკო მედია“-დან, და შპს „ნიუ მედია“-დან, სრული საბუღალტრო, სააღრიცხვო და ფინანსური დოკუმენტების ამოღების თაობაზე. ასევე, დასახელებული კომპანიებიდან ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით აღრიცხული სრული ბუღალტრული მონაცემების გამოთხოვის თაობაზე”, -აცხადებენ პროკურატურაში.