პროკურატურა სარალიძეს უწყებაში თვითნებურად შეჭრასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც შედგება სამშაბათს. დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისთვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე. თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ მოკლებული ვართ შესაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ სამშაბათს საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს”,წერია პროკურატურის განცხადებაში. ზაზა სარალიძე პროკურატურასთან იმყოფება. ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები.