პროკურატურამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ზუგდიდის საკრებულოს წევრის გია დანელიას ფარულ ჩანაწერს, სადაც ის ამომრჩევლის მოსყიდვის გზებზე საუბრობს.
„2019 წლის 14 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული, სავარაუდოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით.
ასევე, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით“,-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გია დანელია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს და მის მონაწილეობას მსგავს საუბრებში არ ადასტურებს. „ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ესაა მონტაჟი“, – განაცხადა გია დანელიამ.