საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ უწყებაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.
როგორც პროკურატურა აცხადებს, 2019 წლის 11 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. გამოძიება დაიწყო ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის – ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე. შენგელია განცხადებაში მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირებისას ია კერზაიას მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური მოტივით დევნას, დამამცირებელ მოპყრობას და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.