“პროკურატურამ საქმის მასალები არ გაგვაცნო”-სახალხო დამცველის ანგარიში მაჩალიკაშვილზე

სახალხო დამცველი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე  დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ახლო ნათესავის ცნობას მოითხოვს. ამის შესახებ საუბარია ომბუდმსმენის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის განმავლობაში რამდენიმე მიმართულებით სწავლობდა. მათი განცხადებით, საქმის დეტალები  ჯერჯერობით უცნობია, რადგან მთავარმა  პროკურატურამ საქმის მასალები არ გადასცა.

სახალხო დამცველის შეფასებით, ცენტრალური საკითხს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხი წარმოადგენს.

“2017 წლიდან ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის უცნობია მისი დეტალების შესახებ. მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიმდინარე საქმის მასალებს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს თანხმობით ეცნობა. ჩვენი არაერთგზისი საჯარო და წერილობითი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმის მასალები ამ საქმეზე, არ გაგვაცნო.

სახალხო დამცველის აპარატს მთავარი პროკურატურიდან მხოლოდ მშრალი და შაბლონური პასუხები მიეწოდება, საიდანაც შეუძლებელი ხდება იმის შეფასება, თუ რამდენად აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ან რა დამატებითი მოქმედებების ჩატარებაა აუცილებელი.

შესაბამისად, ის საკითხი, თუ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად დაცულია ის სტანდარტები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადგენს ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებისას, სამწუხაროდ, საქართველოს სახალხო დამცველის შეფასების მიღმა რჩება”, –აღნიშნულია ანგარიშში.

“ასევე აღსანიშნავია, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც მათ საქმის სრულად გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევს. გამოძიების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, ასევე სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესასრულებლად, აუცილებელია ამ პროცესში ახლო ნათესავის ცნობა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.

გამომდინარე იქიდან, რომ ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის უცნობია მისი შედეგები, მიგვაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ანგარიშის ფარგლებში, სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესრულების ჭრილში, საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე, მის ხელშემშლელ გარემოებებსა და სხვა რელევანტურ საკითხებზე.

ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად”.