“პროკურატურაში ჩემს დაბარებას, ვუკავშირებ”ფორმულას” ეთერში გასვლას” – ლაფერაშვილი საგამოძიებო უწყებაში მივიდა

ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მან ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. ლაფერაშვილი  პროკურატურაში მის დაბარებას ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასვლას უკავშირებს

“ახლა საეთეროში უნდა ვიყო და ეთერში გამყავდეს გამოშვების შიდა ეთერი და მიწევს აქ მყოფნა და ამ დროს ვკარგავ არაფერში. ჩვენ ვიცით რამდენი ხანი გაგრძელდა “ფორმულას” დირექტორის ზუკა გუმბერიძის დაკითხვა და ვიცით ისიც როგორი არაფრის მომტანი იყო ეს დაკითხვა. პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ანალოგიურად მოიქცეს ჩემთან დაკავშირებით” – განაცხადა  ლაფერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.