პროკურორმა წარადგინა ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ხელს მალხაზ მაჩალიკაშვილი აწერს

პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ გადაცემა „არენას“ პირდაპირ ეთერში  თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რომელზეც მალხაზ მაჩალიკაშვილის ხელმოწერაა. 

„სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ჩხრეკის ოქმი, რომელშიც ყველა გრაფაში, სადაც საჭიროა მონაწილე პირის ხელმოწერა, დაფიქსირებულია მალხაზ მაჩალიკაშვილის ხელმოწერა. მინდა თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგინოთ აღნიშნული ჩხრეკის ოქმი და გაჩვენოთ ის გრაფები, სადაც ბატონ მაჩალიკაშვილს ხელი აქვს მოწერილი და დადასტურებული აქვს ხელმოწერით, რომ ნამდვილად თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდანაა ამოღებული აღნიშნული ხელყუმბარა. მოცემულ ჩხრეკის ოქმში ასევე მითითებულია მაჩალიკაშვილის შენიშვნა, სადაც აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდან ამოღებული ფულადი თანხა არ ეკუთვნოდა თემირლან მაჩალიკაშვილს და იყო მისი ქალიშვილის საკუთრება, ხოლო ხელყუმბარაზე რამე სახის განცხადება ან შენიშვნა მას არ დაუფიქსირებია“, – განაცხადა პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ. 

ცნობისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მას ჩხრეკის ოქმზე ხელი არ მოუწერია.

შეგახსენებთ,რომ 28 იანვარს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.