პარლამენტში დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შემდგომი არჩევნების პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ.
ცვლილებების მიხედვით “საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150–ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150–ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას.“
პროექტის ინიციატორად უმრავლესობის 93 დეპუტატია დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება ხალხმრავალი საპროტესტო აქციების ერთ–ერთი მოთხოვნა იყო. მისი დაკმაყოფილების პირობა ივანიშვილმა ორი დღის წინ დადო.
კიდევ ერთი მოთხოვნა – შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა ჯერჯერობით არ დაკმაყოფილებულა.