“პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერგანხორცილელება არ ნიშნავს ქვეყნის დასასრულს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით გარანტორები, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, თავისუფალ გარემოში.” – განაცხადა ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ქართული ოცნების მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით.
“მოგეხსენებათ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო თავის დროზე. სწორედ ჩვენი გუნდის ძალისხმევით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ 2024 წლიდან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით გაიმართება.
ასევე „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან, რასაც, როგორც ვნახეთ, სამწუხაროდ, დეპუტატთა გარკვეულმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კენჭისყრის დროს.
როგორც არ უნდა შეეცადონ ამ პროცესის წარმოჩენას და ინტერპრეტაციას ჩვენი ოპონენტები, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მიიღო ქვეყნის კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა – საქართველოს პარლამენტმა.
სამწუხაროა, ნადმვილად, რომ ინიციატივამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა პროპორციული არჩვენების 2020 წელს გადმოწევის ინიციატივის ვერ განხორციელება ქვეყნის დასასრულს არ ნიშნავს, როგორც ოპონენტებს სურთ დღეს ამის წარმოჩენა.
ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლამდე, საქართველოში რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, რომლითაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოება ცვლიდა და ირჩევდა თავის ხელისუფლებებს.
2020 წლის არჩევნები, მინდა დაგარწმუნოთ, ნებისმიერ შემთხვევაში დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ეუთო-ს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა კონსტრუქციული და ნორმალური პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში წარმატებით დასრულდეს. ჩვენ კონსულტაციებს ვმართავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ეუთო-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. მე ამასთან დაკავშირებით მქონდა უკვე რამდენიმე შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
არჩევნებს ხალხის ნდობა იგებს და არა ცალკე აღებული საარჩევნო მოდელი. შესაბამისად, ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა , საარჩევნო სისტემის მახასიათებლებს დააბრალოს. ეს მინდა ცალსახად განვაცხადო.
შეგახსენებთ, ასევე რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხთან ერთად, არათუ დღეს არსებულ დემოკრატიულ გარემოში და ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო, არამედ 2012 წლამდე არსებული რეპრესიული რეჟიმის პირობებშიც კი, სწორედ არსებული საარჩევნო სისტემით შეძლო არჩევნებში გამარჯვება და ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალის ჩამოშორება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს , როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვსმჯელობთ. საზოგადოება და ჩვენი მოქალაქეები თავისი არჩევანის გაკეთებას აუცილებლად შეძლებენ 2020 წლის არჩევნებში.
ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი, სტაბილური გარემო განვითარებისთვის. სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე და მზად არის გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას.
რა თქმა უნდა, ქვეყანაში არ იქნება არავითარი კრიზისი, ხოლო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილი წესით, განსაზღვრულ ვადებში, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ჩვენს ოპონენტებს, აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობების ნაცვლად, საფუძვლიანად მოემზადონ კონსტრუქციული, ნორმალური პოლიტიკური პროცესისთვის და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვის ანდობს ქვეყნის მომავალს.
მე რა თქმა უნდა ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირები. მე პატივს ვცემ რა თქმა უნდა მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ხვალ 11:00 საათზე გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას.”- არჩილ თალაკვაძე