საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ატილა მესტერჰაზი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების არშესრულება დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
მესტერჰაზის თქმით, ნატოში ინტეგრაციისთვის აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ქონა, რადგან ნატო დაფუძნებულია დემოკრატიის პრინციპებზე, ინდივიდუალურ თავისუფლებასა და კანონის უზენაესობაზე.
,,NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს საქართველოს სურვილი, შეუერთდეს NATO-ს და მხარს უჭერს მის გზას, კერძოდ საქართველოს პარლამენტთან ახლო დიალოგის გზითა და აქტიური თანამშრომლობით.
ამავდროულად, მე მინდა შეგახსენოთ, რომ NATO ეფუძნება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს. ამ პრინციპების პატივისცემა, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ზეპარტიული და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობა, გაწევრიანების საკვანძოა. მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის არის შანსი, რომ დაამტკიცოს თავისი ერთგულება ამ ღირებულებებისადმი. სამწუხაროა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება გასული წლის ნოემბერში ჩავარდა. ეს საქართველოს დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯია”,- აცხადებს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.
ის გიგი უგულავას დაპატიმრებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება შეკითხვებსა და შეშფოთებებს აღრმავებს.
,,ოპოზიციური ლიდერის, გიგი უგულავას, საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შეკითხვებსა და შეშფოთებებს აღრმავებს. ვშიშობ, რომ განაჩენის ირგვლივ არსებული გარემოებები უფრო მეტად აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და დაძაბულობას და მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ რისკის ქვეშ აყენებს.
ამასთან, მხარს ვუჭერ საქართველოს ხელისუფლებას, შექმნან გარემო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გასაგრძელებლად, რათა აღიდგინონ ქართველი ხალხის ნდობა და მისცენ მათ გარანტია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარიმართება.
მე ყველაფერს გავაკეთებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასამბლეამ გააგრძელოს ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა. ველოდები საქართველო-NATO-ს საპარლამენტო საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე ბოლო მოვლენების განხილვას” – წერია განცხადებაში.