28 ოქტომბერს, გამთენიისას, საქართველოს კიბერ სივრცეზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმის შედეგები აღმოფხვრილია – ამის შესახებ კომპანია „პროსერვერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„სხვა ორგანიზაციებთან ერთად, თავდასხმის ობიექტი კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია „პროსერვისის“ სერვერებზე განთავსებული ვებგვერდების ნაწილი.
პრობლემის აღმოჩენისთანავე, კომპანია „პროსერვისმა“, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და დარგის წამყვან ექსპერტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშოები, ხოლო 29 ოქტომბრის ღამის 3 საათზე ყველა პრობლემური ვებგვერდი უკვე თავდაპირველ ფუნქციონალს დაუბრუნდა.
სხვადასხვა არხებით ვრცელდებოდა ინფორმაცია დაზიანებული ვებგვერდების რაოდენობაზე. კომპანია „პროსერვისი“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, ზუსტად თუ რა რაოდენობის ვებგვერდი იყო თავდასხმის ობიექტი საქართველოს მასშტაბით უცნობია, თუმცა კომპანიაში 300 – მდე ვებგვერდის მფლობელის მომართვიანობა მოხდა კიბერთავდასხმის პირველივე საათებში. ზუსტად, თუ რამდენი ვებგვერდის პარალიზება მოხდა ზოგადად, ამ დრომდე უცნობია. კომპანია „პროსერვისი“ აცხადებს, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხები მიმდინარე ანალიზისა და გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს ჰაკერებმა რამდენიმე სამთავრობი გვერდზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო ატვირთეს, წარწერით I’LL BE BACK (მე დავბრუნდები). ჰაკერული შეტევა ასევე განხორციელდა რამდენიმე მედიასაშუალებაზეც.