“პროტესტის ნიშნად თავს დავიწვავ“ – სოფელ დაშთაფას მოსახლეობამ პომიდვრის მოსავალი საკუთარი ხელით გაანადგურა

მარნეულის რაიონის მცხოვრებლების პროტესტი – სოფელ დაშთაფას მოსახლეობამ საკუთარი მოსავალი ქუჩებში გამოიტანა და მთელი წლის ნაშრომი საკუთარი ხელით გაანადგურა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ტონობით მოსავალი ულპებათ და პომიდვრის გასაღებას ვეღარ ახერხებენ.

ადგილობრივი წარმოების ნაცვლად, მარნეულის მოსახლეობა ამბობს, რომ მმართველი გუნდი ხელს იმპორტირებული პროდუქციის შემოტანას უწობს და ადგილობრივ მეწარმეებს კონკურენციის საშუალებას ართმევს.

აქციის მონაწილეებთან დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის საკრებულოს წევრიც მივიდა.

ადგილობრივები კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ წყლის დეფიციტსაც განიცდიან და მოსავლის მორწყვას ვერ ახერხებენ. წყალი მას შემდეგ გაუშვეს სოფელში, რაც გაიგეს, რომ ადგილზე “რუსთავი 2”- მიდიოდა.

„ბანკიდან კრედიტი გამოვიტანეთ და პამიდორი დავთესეთ, ამასაც ვერ ვყიდით. სხვა ქვეყნებიდან შემოდის პამიდორი, ჩვენი მოსავალი კი სახლებში გვიფუჭდება, ბაზარშიც ვერ გაგვიტანია. მოსავალს რომ ვერ ვრწყავთ, ეს ცალკე პრობლემაა, წყალი მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც გაიგეს რომ “რუსთავი2” მოდის. ხელისუფლება დროულად თუ არ მოგვხედავს, მარნეულში ცენტრალურ გზას გადავკეტავთ“ – ამბობს სოფელ დაშთაფას ერთ-ერთი მკვიდრი, თამაზ მამედოვი.

მოსახლეობის თქმით, თუ ცენტრალური ხელისუფლება დროულად მათ ყურადღებას არ მიაქცევს, ისინი პროტესტს რადიკალურ ზომებს მიმართავენ და ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.

„ბიძინა ივანიშვილი ცოტა ხნით საკუთარ ბიზნესს მოეშვას და ხალხს მიაქციოს ყურადღება. მე “ოცნების” მხარდამჭერი ვიყავი მაგრამ დღეს ამ მთავრობიდან მოტყუებული ვარ. ტონობით პამიდორი გამიფუჭდა. 20 კაპიკადაც ვერ ვყიდით. სოფელში ყველა ყრის პომიდორს. ივანიშვილმა გაიგოს, რომ თუ ხალხის პრობლემით არ დაინტერესდება, გზას გადავკეტავთ. პროტესტის ნიშნად თავს დავიწვავ, სხვა გამოსავალი არ მაქვს“ – განაცხადა ჰუმბათ ჯალილოვმა.

სოფელ დაშთაფაში მცხოვრებლები ხელისუფლებას ყურადღებას და დახმარებას სთხოვენ.

„სააკაშვილის დროს ასე არ ვიტანჯებოდით, ნორმალურად ვყიდდით მოსავალს. ივანიშვილი კი მხოლოდ საკუთარ ბიზნესს ავითარებს. ჩვენნაირი მშრომელი ხალხი კი ასე ვიტანჯებით,“ – ამბობს სოფელ დაშთაფას მკვიდრი, აილიას გაჰრამანოვი.