ექსპერტები და ანალიტიკოსები ხელისუფლებას პუტინთან რევერანსების ნაცვლად, მოქმედებას ურჩევენ, რადგან რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ახალი ისტორია უფრო დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე თუნდაც ყველაზე მკაცრი სანქციები. ექსპერტები ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებაზე ადეკვატური რეაგირების ნაცვლად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტს ახლა მარაოს უნიავებს.
„პუტინი ახლა იქცევა კლასიკური იაკუძას პრინციპით. გეშინია?! ერთგულებას მიმტკიცებ?!-ნეკა თითი მოიჭერი და დგას ახლა ჩვენი ხელისუფლება და ფიქრობს რა, მოვიჭრა თუ არ მოვიჭრა. ნაწილობრივ უკვე მოჭრილი აქვთ. ნახევარი სისხლი უკვე გამოშვებული აქვთ. პრეზიდენტის განცხადება ეს არის პოლიტიკური დირექტივა. მათ შორის დელეგაციებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ისტორიის გადაწერა ხდება პოლიტიკური მიზნით. სამწუხაროდ, ნახეთ რა გააკეთა პუტინმა, ერთის მხრივ დაკიდა სანქციები და მეორეს მხრივ დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე. გვითხრა ესეთი რაღაცა რომ არ გინდათ სანქციები?! თუ არ გინდათ მაშინ თქვენ კი არ ხართ ოკუპანტები და დესერტად კიდევ მიირთვით ის რომ ოსების გენოციდი ჩაგიტარებიათ თურმე. აი ეს მოჰყვა რას, ეს მოჰყვა იმას, რომ ხელისუფლებამ მოახდინა შიშის დემონსტრირება რასაც შედეგად მოჰყვა პუტინის ამ ტიპის საკმაოდ კარგად გააზრებული მასტერკლასი საქართველოს ხელისუფლებისთვის,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.