ვლადიმერ პუტინი უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით იმუქრება. კრემლის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთი არ ცდილობს უკრაინის საეკლესიო საქმეებში ჩარევას, თუმცა იტოვებს უფლებას, გააკეთოს ყველაფერი ადამიანების უფლებების, მათ შორის რელიგიური რწმენის დასაცავად. პუტინმა რუსეთის პატრიარქის კირილის აღსაყდრების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხორციელდება პროექტი, რომელსაც რწმენასთან საერთო არაფერი აქვს. ამ პროცესში კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც ჩართულია.
“რუსეთის ხელისუფლება, სახელმწიფო დაუშვებლად მიიჩნევს ეკლესიის საქმეებში ჩარევას. პატივს ვცემდით და მომავალშიც პატივს ვცემთ საეკლესიო ცხოვრების დამოუკიდებლობას – მითუმეტეს, მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოში, მაგრამ ვიტოვებთ უფლებას, რეაგირება მოვახდინოთ და ყველაფერი გავაკეთოთ ადამიანის უფლებების, მათ შორის, რწმენის თავისუფლების დასაცავად”, განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.