პუტინის პრესმდივანმა დაასახელა, რა შემთხვევაში შეიძლება მოიხსნას საქართველოსთან დაწესებული შეზღუდვები

რუსეთი საქართველოს მიმართ მიღებული ზომების გაუქმებაზე იფიქრებს, როცა იქ სიტუაცია “არარუსოფობიულ კალაპოტში“ ჩადგება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა და დასძინა, რომ დოკუმენტებში შეზღუდვების მოხსნის ზუსტი ვადები არ არის დაფიქსირებული.
პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ფრენების აკრძალვა რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მოხდა და ყველას შეახსენა, რომ ადგილი ჰქონდა აგრესიულ ქცევას რუსი პარლამენტარების და ჟურნალისტების წინააღმდეგ “ეს მაგალითები სრულიად საკმარისია იმის მისახვედრად, რომ მთლიანობაში რუსებისთვის საქართველოში საფრთხე შესაძლოა არსებობდეს. აბა კითხეთ რუსული ტელეარხის ჟურნალისტებს, რამდენად ჰიპოთეტურია საფრთხე, კბილებში მოგხვდეს. საფრთხე ჰიპოთეტური კი არა, ფიზიკურია.“– განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, საქმე ეხება არა სანქციებს, არამედ რესტრიქციებს, ანუ დროებით შეზღუდვებს. პესკოვი ამბობს, რომ ყოველწლიურად საქართველოს დაახლოებით 1 200 000 რუსი სტუმრობს და ამიტომაც შეზღუდვების შემოღება ამ რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ. მთავრობას კი დაევალა საქართველოში მყოფი რუსების სამშობლოში დაბრუნება 8 ივლისამდე უზრუნველყოს.