„დარჩა ორი ხელისუფლება მსოფლიოში, რომელიც უკრაინის აგრესიის შემდეგაც კი აგრძელებს პუტინის სამარცხვინო პროპაგანდას – ეს არის რუსეთის ხელისუფლება, თვითონ პუტინის და მეორე, ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენივე ხელისუფლება“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს.
„2008 წლის ომის წინ და მერე, თავისუფალ სამყაროშიც კი, არ არსებობდა პუტინის რეჟიმის არსთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული მკაფიო პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ის იყო საფრთხე არამარტო მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ, ზოგადად თავისუფალი სამყაროსთვის. რუსეთ-საქართველოს ომიც კი არ აღმოჩნდა ზოგიერთისთვის საკმარისი, რომ ეს პოზიცია მკაფიოდ ჰქონოდა ჩამოყალიბებული, იმდენად მძლავრი იყო პროპაგანდისტული მანქანა, იმდენად ძლიერი იყო მემკვიდრეობა ე.წ სეპარატისტული კონფლიქტების, რომ ამან ხელი შეუშალა ქართული მხარის პოზიციის კარგად მიტანას მაშინ თავისუფალ სამყარომდე. მაგრამ უკრაინაში აგრესიის შემდეგ, ეს კითხვები ყველას მოეხსნა, ყველა საღი აზრის მქონე პოლიტიკურ ლიდერს მსოფლიოშიც კი – თუ რას ჰქონდა ადგილი 2008 წელს, რა ვნახეთ 2008 წელს და რა არის პუტინის რეჟიმი. დარჩა ორი ხელისუფლება მსოფლიოში, რომელიც უკრაინის აგრესიის შემდეგაც კი აგრძელებს პუტინის სამარცხვინო პროპაგანდას – ეს არის რუსეთის ხელისუფლება, თვითონ პუტინის და მეორე, ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენივე ხელისუფლება. ეს ორი ხელისუფლება აწვება იგივე ხაზს, როცა მთელ დანარჩენ მსოფლიოში ვითარება არის უკეთესი, პუტინის რეჟიმზე წარმოდგენა არის მკაფიო და აღარ არსებობს ის უსამართლო კითხვის ნიშნები, რომლებიც იქამდე არსებობდა“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.